პაციენტს, რომელიც საჩხერის კლინიკიდან საკარანტინო ზონაში იყო გადაყვანილი, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ისევ გამოუვლინდა და სამკურნალოდ კვლავ კლინიკაში დააბრუნეს.
„პუბლიკას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ განუმარტა, რომ ეს შემთხვევა COVID-19-ის რეციდივი ანუ ხელახალი ინფიცირების შემთხვევა არ არის.
„ეს არის ჩვეულებრივი, პროტოკოლით მიმდინარე პროცესი. მკურნალობის პროცესი მოიცავს სტაციონარულ მკურნალობას, ხოლო თუ სიმპტომები უკვე წაშლილია და ცხვირ-ხახის ნაცხშიც ვერ ხდება იდენტიფიცირება ვირუსის, გადაგვყავს ორი კვირით დამატებით დასაკვირვებლად კარანტინში ან იზოლაციაში პირი და ამ ორი კვირის განმავლობაში კიდევ ვუკეთებთ მას ტესტირებას და ვაკვირდებით კლინიკურ ნიშნებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოში და მსოფლიოში, მით უმეტეს, როდესაც მეთვალყურეობის დროს კარანტინში მყოფთან კიდევ იჩენს თავს რაიმე სიმპტომი. ისე, როგორც გრიპსაც შეიძლება ახასიათებდეს რაღაც მომენტში გამწვავება, მერე მსუბუქად მიმდინარეობა და ა.შ.
ცხვირ-ხახის ფლორაში, ზოგადად, ვირუსი, შეიძლება დაინფიცირებიდან მე-7, მე-8 დღის შემდეგ არ იყოს იდენტიფიცირებული, როდესაც, მით უმეტეს, არის მსუბუქი მიმდინარეობა. შეიძლება, გარკვეული პერიოდი არ გამოჩნდეს, შემდეგ კიდევ შეიძლება გამოჩნდეს… ამიტომ ჩვენ არაერთხელ ვტესტავთ პაციენტს.
როდესაც არის კლინიკური სურათი და ვერ დავიჭერთ ცხვირ-ხახაში პისიარის ნიმუშს, ამნაირ შემთხვევებს 24 საათში კიდევ ვუტარებთ, რომ არაფერი გამოგვეპაროს.
როდესაც დადასტურებულს ვმკურნალობთ და კლინიკური სურათი უკვე წაიშლება და პაციენტს აღარ აქვს არანაირი კლინიკური ნიშნები, ამის შემდგომ, 24-საათიანი შუალედით, ვუტარებთ ორ ტესტირებას. თუ კიდევ არ არის, გადაგვყავს კარანტინში ან თვითიზოლაციაზე, ვაგრძელებთ დაკვირვებას და ორი კვირის ბოლოს თუ არანაირი სიმპტომი არ არის, კიდევ ვუტარებთ ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევთ უფლებას ბინაზე წასვლის.
ამ შემთხვევაშიც ეს პროტოკოლი მიმდინარეობდა. გარკვეული პერიოდის შემდგომ ისევ წამოვიდა სიმპტომები და ისევ მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა ექიმების მხრდიან. არაფერი ახალი, არაფერი რეციდივი არ მომხდარა“, – განუცხადა „პუბლიკას“ გოჩა გიორგაძემ.