როცა აცივდება, მოსალოდნელია, COVID-19-ის გადაცემა უფრო ინტენსიური გახდეს – იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ, თუკი მოსახლეობა დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების წესებს, ზაფხულსა და შემოდგომაზე დრამატული გართულებები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ზამთარში, როცა იწყება რესპირატორული ვირუსების სეზონი, დიდი ალბათობით მოსალოდნელია კორონავირუსის კვლავ გააქტიურება.

„სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრი ასეთია, რომ როდესაც დაიწყება მომავალი წლის რესპირატორული დაავადებების სეზონი (ეს იწყება საქართველოში ჩვეულებრივ ნოემბრის ბოლოდან, დეკემბრის დასაწყისიდან, ანუ, როცა ისევ აცივდება და დაიწყება სხვა რესპირაციული ვირუსების სეზონი), ამ დროს დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს, ანუ მისი გადაცემა უფრო ინტენსიური გახდეს და, შესაბამისად, ავადობამ მოიმატოს.

თუ ამ დროისთვის ვაქცინა ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ, ვთქვათ, გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული სამკურნალო საშუალება, ხომ კარგი , თუ არადა, ჩვენ მოგვიწევს დღეს არსებული რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა“, – განაცხადა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში ამგვარია:

დადასტურებული შემთხვევა – 707, მათგან გამოჯანმრთელდა 456.

  • გარდაცვლილია – 12;
  • კარანტინის რეჟიმშია – 3914
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 340;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.