ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე PCR ტესტირება - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ტრადიციულ ბრიფინგზე არსებულ ეპიდსიტუაციას მიმოიხილავენ და მედიისა და მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობენ.

ამირან გამყრელიძემ 20 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში წარმოებული ტესტირების რაოდენობაზე ისაუბრა.

42 408 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსი დადასტურდა 713 შემთხვევაში.

ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე პისიარ ტესტირება. მათგან 3 000, დაახლოებით, არის განმეორებითი ტესტირება, იმ შემთხვევებში, როცა გაწერის წინ, პროტოკოლის მიხედვით, ორჯერ მოწმდება ტესტის პასუხი და ასევე – კარანტინიდან გასვლამდე, მე-13-14 დღეს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა 67%, ანუ 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამყრელიძის შეფასებით, ეს „კარგი მაჩვენებელია“. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,72%-ია.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევა ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ტარდება. გუშინ 09:00 საათის მონაცემებით, 1773 ტესტი ჩატარდა  15 ლაბორატორიაში. კვლევის დაახლეობით 75% ნაწილდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის, ბათუმისა და ქუთაისის ლაბორატორიებზე.

ამირან გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე გაფართოვდება ტესტირება, რადგან შემსუბუქების ღონისძიებები იწყება და ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს.