დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება იგეგმება, თუმცა არ უხსენებია ვადა, თუ როდიდან დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მისი განმარტებით, ტრანსპორტში მგზავრებს შორის დაცული უნდა იყოს სათანადო დისტანცია, ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად.
„დანარჩენი ყველაფერი არის, უპირველეს ყოვლისა, მე მგონი, ადამიანთა სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა. თუ გადაადგილება გიწევთ იმდენად შორს, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს, ისარგებლოთ ტრანსპორტით, ყველა სხვა დანარჩენმა, ვისაც შეუძლია გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შუძლებელია“, – განაცხადა ზახაშვილმა.
ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტრანსპორტის ამუშავების ვადებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განმარტა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, „ეს შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ“, მაგრამ, მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როდის, რა წესების დაცვით ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.