რომელ მოქალაქეებს გადაუვადდებათ საბანკო სესხები კიდევ სამი თვით - პრემიერის განცხადება

პუბლიკა

გიორგი გახარიას თქმით, საბანკო სექტორმა და მთავრობამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება.

მისივე თქმით, სესხის მომსახურების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებსაც, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი. ასეთმა პირებმა ბანკს თავად უნდა მიმართონ და მათ სესხი მომდევნო სამი თვის განმავლობაში პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე გადაუვადდებათ.

“ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება.

გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.

დღევანდელ სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ქვეყანაში კომენდანტის საათის გაუქმდება.