დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობს. მთავრობის ინიციატივა დეპუტატთა ნაწილმა გააკრიტიკა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ კონკრეტულ ბიზნესს აღარ ჰყავს მომხმარებელი და მას ბიზნესი აღარ აქვს, როგორ შეიძლება საშემოსავლო გადასახადის გაუქმებამ შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი. მისი თქმით, თუ კომპანიას არ აღარ აქვს ხელფასის გადახდის საშუალება, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება სამუშაო ადგილის შენარჩუნების კუთხით არაფერს შეცვლის.
„საშემოსავლო გადასახადს იხდის დასაქმებული, რაც არ უნდა შეღავათი გავუკეთოთ კომპანიას, ეს არის ფული, რომელიც არის დასაქმებულის. ანუ დასაქმებულის ფული უნდა დავარქვათ ამას, რომელიც უნდა დარჩეს დასაქმებულს და თუ ამას დავუტოვებთ ბიზნესს, ეს არის წართმევა დამატებითი თანხების იმ კონკრეტული დასაქმებულისთვის. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც 750 ლარი აქვს ხელფასი, 150 ლარი გამოვართვათ, რომელსაც შეღავათს სახელმწიფო უწესებს და მივცეთ ბიზნესს. ბიზნესის წახალისების მექანიზმი ეს არცერთ შემთხვევაში არ არის. არც სამუშაო ადგილების შენარჩუნების ან შექმნის არანაირი მექანიზმი ამაში არ არის. რატომ ვაკეთებთ ამას ან რა აზრი აქვს იქნებ ფართო კოცეპტუალურ ნაწილში მითხრათ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ უპასუხა, რომ კანონპროექტი იმ ბიზნესებზეა გათვლილი, რომელმაც მცირე ზარალი ან 50-60%-იანი შემცირება მიიღო.
„ფიქსირებული ხარჯები რაც აქვთ, ხელფასებზე მიბმული გადასახადები, ამისგან გათავისუფლება ბიზნესისთვის, იმის გამო, რომ მათ შეძლონ შემცირებული გაყიდვების პირობებში მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელფასიც კი შეუმცირონ თანამშრომლების ნაწილს ამ ბიზნესებმა, მაგრამ შემცირებულ ხელფასზე მაინც უფრო მეტი თანამშრომელი შეინარჩუნოს, მაგალითად, თუ 50%-ით შეუმცირდა თანამშრომელთა რაოდენობა 20%-ით შეამციროს და შესაბამისად, ეს თანხები აქ გამოიყენოს. ეს არის ამ კანონის მიზანი და ვფიქრობ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი შეღავათები“, – განაცხადა კაკაურიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი საშემოსავლოს გადასახადის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან ამ გადასახადს არა ბიზნესი, არამედ დასაქმებული იხდის და თანხა დასაქმებულს უნდა დარჩეს. ნაცვლიშვილმა ინიციატივას გაუაზრებელი ნაბიჯი უწოდა, რომლითაც იმ კომპანიებს წაახალისებენ, რომლებსაც შეიძლება ამ მიმართულებით პრობლემა არ ჰქონიათ.
„თუ თქვენ ეკონომიკის წახალისება გინდათ, ეკონომიკის წახალისება ხდება მოთხოვნის წახალისების საფუძველზე, ანუ ადამიანებს თუ არ ექნებათ მსყიდველობითუნარიანობა, ჩვენ გავათავისუფლებთ თუ არ გავათავისუფლებთ რომელიმე კომპანიას გადასახადისგან, იმ კომპანიის პროდუქტს მაინც არავინ არ იყიდის. ეს იქნება ფუჭი, წყალში გადაყრილი ფული. კიდევ ერთხელ მინდა პასუხი გამცეთ, როდესაც იყო ლაპარაკი მსყიდველობითუნარიანობის გაზრდაზე და საერთო მოთხოვნის გენერირებაზე, როდესაც დაარიგეთ მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ფინანსური დახმარებები იმ ადამიანებზე, რომლებმაც მხოლოდ პანდემიის დროს დაკარგეს სამსახური და არ დაარიგეთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც პანდემიამდე დაკარგეს შემოსავალი. ეს იქნებოდა ბევრად უფრო სწორი ნაბიჯი, რადგან აგრეგირებული, ანუ მთლიანი მოთხოვნა უფრო მეტ სამუშაო ადგილს გააჩენდა, ვიდრე ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ფინანსთან მინისტრის მოადგილემ ბექა ნაცვლისშვილს უპასუხა, რომ კანონპროექტის მიზანი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა და არა ბაზარზე მოთხოვნის წახალისება, ან მეტი სოციალური გარანტია და დასაქმებულისთვის მეტი ანაზღაურების გადახდა. „ამ კანონის მიზანია, გაუჩინოს ბიზნესს მეტი ლიკვიდური თანხა იმისთვის, რომ ნაკლები სამუშაო ადგილი დაკარგოს და ნაკლები ადამიანი გაუშვას სახლში“.
„დღესაც დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა რეგულირედება ხელშეკრულებით. ბიზნესების ნაწილი ხელშეკრულებას აფორმებს დარიცხული თანხის მიხედვით, შესაბამისად ეუბნება, რომ ათასი ლარია შენი ხელფასი, ამ ათასიდან გადასახადებს ვიხდი და შენ გრჩება 800 ლარი. ამ შემთხვევაში ეს არის ორი სუბიექტის შეთანხმების საკითხი. ამ შემთხვევაში შეილება დარჩეს კონკრეტულ პიროვნებას ეს თანხა, მაგრამ მეორე ვარიანტი, რომელიც უფრო მეტია ჩვენს ქვეყანაში და მე მგონი 80%-ზე მეტია, დაქირავებელი და დაქირავებული თანხმდებიან კონკრეტულ თანხაზე. მე შენ ყოველთვიურდ აგინაზღაურებ X ლარს და დანარჩენი გადასახადიდან დაწყებული ყველა სხვა ვალდებულებას ვიღებ მე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება გაითვალისწინებს, რომ ფული დარჩება ბიზნესს და ეს ბიზნესი გადაწყვეტილებას მიიღებს – უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნოს თუ ხელფასები შეინარჩუნოს და ნაკლები სამუშაო ადგილი. ამის დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ“, – განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოს მთავრობის ინიციტივით, ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას. 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.