გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც „პოლიტიკური მასკარადის“ სახით - გახარია

პუბლიკა

„ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი – პოლიტიკური ფრონტი, რაღაც „პოლიტიკური მასკარადის“ სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გუშინ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტის განხილვას.

გახარიას თქმით, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში.

„ამ ხალხს ყველას დაანახეთ, ეს ორი თვე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული რომ იყო, მთავრობა და ხელისუფლება როგორ იქცეოდა – უკიდურესად ფრთხილად, საერთოდ არ შევხებივართ არაფერს. თან ვეუბნებით, რომ გამოხატვის თავისუფლება პრობლემა არ არის. მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასე უპასუხისმგებლოდ მოკიდება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, შემდგომ ეხება ეკონომიკის აღორძინებას“, – განაცხადა გახარიამ.


გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. კენჭისყრაზე საკითხი შენიშვნების გათვალისწინების დათქმით გავიდა.

ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.

კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტს  უარყოფითად აფასებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში. მათი თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საპარლამენტო კონტროლს მიღმა მთავრობას ერთპიროვნული, ავტოკრატიული გადაწყვეტილებების ბერკეტს აძლევს. პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენაც მოუწოდეს.