თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება.
„სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. დღეს გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული.
გვაქვს სრული მზადყოფნა, როგორც ამას წინა დღეების განმავლობაში ვლაპარაკობდი. მე კარგად მესმის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, კარგად მესმის სიფრთხილე, თუმცა, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.