პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ აქცია გრძელდება

პუბლიკა

სპეცრაზმის მიერ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მოხსნის შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები პარლამენტის წინ აქციას აგრძელებენ. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

დღეს სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის გამოყენებით პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქცია დაშალეს. პოლიციამ აიღო პარლამენტის შესასვლელებთან მოწყობილი ბარიკადები, გამოიყენა წყლის ჭავლი და დაშალა იქ შეკრებილი ადამიანები.

დაშლის დროს დააკავეს „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქრაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ოთარ სირაძე, ირაკლი ნადირაძე. შსს-მ ასევე დააკავა „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა.  სხვა დაკავებულებზე ინფორმაციას შსს ამ დრომდე არ ადასტურებს.