თამბაქოს კონტროლის ალიანსი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევებით არაერთხელ გახმაურდა მოზარდებში მწეველობის მწვავე პრობლემა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის შესამცირებლად. მეტიც, ცოტა ხნის წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავდა თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის თანახმად გასახვევი თუთუნის გაყიდვა, შესაძლოა, 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვას.
პარადოქსია, მაგრამ კანონში ცვლილების ინიციატორებს მოსმენაც კი არ უნდათ იმ პრობლემის შესახებ, რასაც იაფად ხელმისაწვდომი თუთუნი პირველ რიგში მოზარდებს და ახალგაზრდებს შეუქმნის. პარადოქსია ისიც, რომ მსოფლიოს თამბაქოსთან ბრძოლის წლის დევიზია თამბაქოს ინდუსტრიის ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა, საქართველოს პარლამენტი კი, სწორედ ამ წელს ცდილობს კანონში ისეთი ცვლილების მიღებას, რომელიც გამანადგურებელ დარტყმას პირდაპირ მომავალ თაობას მიაყენებს.
დასანანია, რომ არაფერი კეთდება თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების და ახალგაზრდების დასაცავად, თამბაქოს ინდუსტრიის მავნებლობის გამოსააშკარავებლად. ლეგალურად მკვლელი პროდუქტის მწარმოებელი ინდუსტრიაც საქართველოში, ყოველდღიურად ასობით არასრულწლოვანს ამ უძლიერეს ნარკოტიკზე დამოკიდებულს ხდის. ყოველწლიურად მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი იღუპება, აქედან 1,2 მილიონი პასიური მწეველობის მსხვერპლია. საქართველოში, ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოს და მისი სხვადასხვა პროდუქტის (ელ. სიგარეტი, ვაპოვაიზერი, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი) მოხმარებით იღუპება, ყოველდღიურად ამ სენის გამო 30 ადამიანს ვკარგავთ, მათგან რვა არამწეველია და ამ არამწეველებიდან ერთი ბავშვია, “- ნათქვამია განცხადებაში.
ალიანსში ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ასევე, თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება არ მისცენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ელ. სიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა.
მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშე“ 33 წელი ყოველ 31 მაისს აღინიშნება. ამ დღეს მედიკოსები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, კაცობრიობას მთელი სიმწვავით დაანახონ თამბაქოს მოხმარების შედეგად შექმნილი გლობალური პრობლემები.