IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ ადგილს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე იკავებს. მას მოქალაქეების 57% დადებითად აფასებს. კახა კალაძეს – 49%; დავით უსუფაშვილს – 47%; გრიგოლ ვაშაძეს – 41%.
„წაგიკითხავთ ქართველი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების სახელებს. გთხოვთ, გვითხრათ თქვენი მოსაზრება მათ შესახებ“, – ამგვარად ფორმულირებულ შეკითხვაზე მოქალაქეების პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი, 70% პრეზიდენტ ზურაბიშვილს უარყოფითად აფასებს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – 66%; 59-59% უარყოფითად აფასებს ირმა ინაშვილს, გიგი უგულავასა და ნინო ბურჯანაძეს. ბიძინა ივანიშვილს კი – 57%.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 39% დადებითად აფასებს, ხოლო 49% – უარყოფითად.
IRI-ს კვლევა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. მონაცემები შეგროვდა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევისთვის შეირჩა 1 500 საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%; საველე სამუშაოები აწარმოა Institute of Polling & Marketing-მა. კვლევა დააფინანსა USAID-მა.