პროპაგანდისტული Facebook-გვერდები მიზნად ისახავს ირაციონალური შიშების გაღვივებას - ISFED

პუბლიკა

19 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის მორიგი ანგარიში წარმოადგინა. მათი თქმით, ანგარიში მიმოიხილავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ღირებულებით საკითხებზე პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი Facebook-გვერდების მონიტორინგის შედეგებს, ამ გვერდებისა და მათი გზავნილების ანალიზს.

ორგანიზაციის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ISFED-მა 52 Facebook გვერდი გამოავლინა, რომელიც აქტიურად იყო დაკავებული ღირებულებით საკითხებზე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებით. აღნიშნული 52 გვერდი ჯამურად 1,176,400 მომხმარებელს ჰქონდა მოწონებული. მათზე 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 5 იანვრის ჩათვლით 22,606 პოსტი გამოქვეყნდა, რასაც 5,864,606 ინტერაქცია მოჰყვა.

„დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ გვერდების მიზანია ღირებულებით საკითხებზე საზოგადოებაში დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღვივება, ირაციონალური შიშების დანერგვა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსზე ზეგავლენის მოხდენა და საზოგადოების იდეოლოგიური რადიკალიზება. შესწავლილი Facebook-გვერდების მიერ გავრცელებული ნარატივები და გამოყენებული პროპაგანდისტული მეთოდები კრემლის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული დეზინფორმაციის ხელწერას იმეორებს”, – წერს ISFED.

„პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული გზავნილები ექვს ძირითად ნარატივად ჯგუფდება: ნაციონალისტური, ქსენოფობიური, ისლამოფობიური, ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური.

ნაციონალისტური ტიპის გზავნილებში გამოიყოფოდა ეთნიკური, მართლმადიდებლური და ულტრაკონსერვატიული ნაციონალიზმის მიმართულებები. მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა გზავნილები საქართველოს მეზობლების წინააღმდეგ. მათ შორის იყო ოკუპაციის თემატიკაც. რუსეთთან ერთად, ოკუპანტებად სახელდებოდნენ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც, მათ შორის ყველაზე ხშირი იყო ანტითურქული გზავნილები. თურქეთი შესწავლილი გვერდების მიერ საქართველოს მტრად იყო წარმოჩენილი.

შესწავლილი გვერდები ქსენოფობიურ განწყობებს ძირითადად აზიის და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ აღვივებდნენ. გვერდები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მათთვის ბინადრობის ნებართვის გაცემას, საქართველოში ირანის, არაბული ქვეყნების, ინდოეთის, ჩინეთის, აფრიკული და სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლას და ყალბი ფაქტების გამოყენებით ცდილობდნენ არადასავლური ქვეყნებიდან იმიგრაციის დაკავშირებას დანაშაულის რაოდენობის ზრდასთან.

ისლამოფობიური გზავნილები ზოგადად ისლამის ან ქართველი და უცხო ქვეყნის მოქალაქე მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული. შესწავლილი გვერდების ნაწილი ისლამს ძალადობასთან და ტერორიზმთან აიგივებდა. ისინი ღიადეწინააღმდეგებოდნენ აჭარაში მეჩეთების მშენებლობას და საქართველოს ისლამიზაციის საფრთხეზე საუბრობდნენ.

ნარატიული გვერდების პოსტების ნაწილი ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას შეიცავდა. გამოქვეყნებულ პოსტებს შორის გამოიყოფოდა ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილები. პროპაგანდისტული გვერდები ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ხშირი იყო დასავლეთის გარყვნილებასთან გაიგივების შემთხვევები.

შესწალილი გვერდები ღიად უპირისპირდებიან ლიბერალური დემოკრატიის კულტურულ მახასიათებლებს, ლიბერალიზმს და მათ, ვინც ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებს. პროპაგანდისტული გვერდები ლიბერალიზმს მართლმადიდებლური, ეროვნული და ტრადიციული ფასეულობებისთვის საფრთხედ წარმოაჩენენ. პოსტების ნაწილი მულტიკულტურალიზმის საწინააღმდეგო ხასიათის იყო. ამ გვერდებზე ვრცელდებოდა ანტიფემინისტური, სექსისტური და მიზოგინიური გზავნილები. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდა იყო. ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია ჯორჯ სოროსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

პროპაგანდისტული ნარატივის გვერდები ღიად გამოხატავდნენ ლგბტქი თემის მიმართ მიუღებლობას და ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონის არსებობას ან მის ლგბტქი თემის წარმომადგენლებზე გავრცელებას.ჰომოფობიური გზავნილები ზოგჯერ ძალადობრივი მოწოდებებითაც გამოიხატებოდა. ანტი-ლგბტქი ნარატივი ხშირად უკავშირდებოდა გურამ კაშიას საწინააღმდეგო გზავნილებს.

შესწავლილ პოსტებს შორის ყველაზე მეტი ჯამური ინტერაქცია ნაციონალისტური და ანტილიბერალური ნარატივის შემცველ პოსტებს მოჰყვა. აღნიშნული ორი სახის ნარატივს ყველაზე მეტი პოსტიც მიეძღვნა, რაც ინტერაქციის აბსოლუტურ მაჩვენებელს ხსნის. ინტერაქციის მხრივ, ყველაზე ეფექტურად ისლამოფობიური და ქსენოფობიური პოსტები ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამოფობიური პოსტების რაოდენობა თითქმის 8-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე ანტილიბერალური და თითქმის 10-ჯერ ნაკლები ვიდრე ნაციონალისტური პოსტები, ისლამოფობიურ პოსტები, ნაციონალისტურ და ანტილიბერალურ პოსტებთან შედარებით საშუალოდ, ორჯერ უფრო მეტ ინტერაქციას აგროვებდა.

ყველაზე ნაკლებად ეფექტური ღიად ანტიდასავლური ნარატივის შემცველი პოსტები იყო. ანტიდასავლური ერთადერთი ნარატივი იყო, რომელიც ყველა სახის ინტერაქციით ჩამორჩებოდა პროპაგანდისტული პოსტების საშუალო ინტერაქციებს. შესაძლოა, ამის მიზეზი საქართველოში ღიად ანტიდასავლური ნარატივების არაპოპულარობა იყოს.

რაც შეეხება პროპაგანდისტული გვერდების პოლიტიკურ აქტივობას, ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდებოდა „ქართული ოცნების“ მიმართ პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერის ფაქტები. პროპაგანდისტული ნარატივის გვერდების ნაწილი მხარს ღიად უჭერდა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და მის ლიდერებს.

პროპაგანდისტული გვერდების ნაწილი, სავარაუდოდ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ქსელებს წარმოადგენს. „ფეისბუქ“-გვერდების ქსელურ კავშირზე მიუთითებს მათ მიერ გაზიარებული წყაროების იდენტურობა. სავარაუდოდ ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდები აქტიურად აზიარებენ, როგორც შესაბამისი წყაროს კონტენტს ვებგვერდიდან, ისე ერთმანეთის პოსტებს. ამასთანავე, ქსელების შემადგენელი გვერდები დროის მცირე მონაკვეთში ერთნაირი შინაარსის პოსტებსაც აქვეყნებენ”, – ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.