გუშინდელი 4 შემთხვევა არაპირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიაში ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული სამუშაო თათბირის შემდეგ ჟურნალისტებთან საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან რომელიც გუშინ დაფიქსირდა, ერთი არის კარანტინიდან ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ლარსის საზღვრიდან და სიმპტომები კარანტინში გამოუვლინდა.

„გუშინ ხუთმა  შემთხვევამ შეგვაშფოთა რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ ხუთიდან ერთის წყარო გარკვეულად დადგენილია და დანარჩენ 4-ზე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. აღებულია დიდი რაოდენობა პირველადი კონტაქტები და მიმდინარეობს მეორადი მესამედი კონტაქტების ძიება, ნიმუშების აღება და ტესტირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 4 შემთხვევის პირველ წყაროზეც გავალთ და უახლოეს მომავალში მოხდება ამ კლასტერების დახურვა. თუმცა გუშინდელი 4 შემთხვევა შემაშფოთებელია და არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და შემსუბუქების ფონზე, თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, რომელსაც იძლევა სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მაშინ შესაძლებელია დავდგეთ რისკის წინაშე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყველა, ვისაც ექნება ტემპერატურა, ხველა და რესპირაციული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, უნდა მიმართონ ოჯახის ექიმებს და მოიქცნენ მათი მითითებების შესაბამისად.