„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის თქმით, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი მონაწილეობისთვის გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლებულიყო.