ვინ არ დაუჭირა მხარი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს სამუშაო დროის დარეგულირებაზე

პუბლიკა

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამუშაო დროის ხანგრძლივობის დარეგულირებას, ზეგანაკვეთურ შრომასა და სამუშაო საათების აღრიცხვას ითვალისწინებდა.

კანონპროექტს 54 მომხრე და 4 წინააღმდეგი დეპუტატი ჰყავდა. პროექტის პირველი მოსმენით მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრას ჯამში 114 დეპუტატი ესწრებოდა, მათგან 56-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

წინააღმდეგნი იყვნენ – ოთარ დანელია, მუხრან ვახტანგაძე, რომან კაკულია, რომან მუჩიაშვილი;

სხდომას ესწრებოდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო –ირაკლი ბერაია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიგა ბუკია, ზაზა გაბუნია, ვალერი გელაშვილი, გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, გიორგი კახიანი, ლევან კობერიძე, კახა კუჭავა, დავით მათიკაშივლი, ენძელა მაჭავარიანი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ირინე ფრუიძე, ნუკრი ქანთარია, თამარ ჩუგოშვილი, მერაბ ქვარაია, ნინო წილოსანი, ზვიად ძიძიგური და ა.შ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს – დეპუტატ ოთარ დანელიასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას, შეკითხვით,  რა მიზეზით არ დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ ინიციატივას. კაკულიამ წერილობით მიმოწერაში აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

„არაფერია საკომენტარო. ალტერნატიულზე მიდიოდა მუშაობა, რომელიც ასევე კარგი პროექტია და იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, უბრალოდ. არაფერი პირადული“, – გვიპასუხა მან.


საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალ გაერთიანებასთან” თანამშრომლობით მოამზადა.

პარლამენტის მიერ აღნიშნული პროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ თავმჯდომარე, ზაზა ბარბაქაძე. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ პარლამენტარების უმრავლესობამ, აღნიშნულ კანონპროექტს, მხარი არ დაუჭირა.

„ამ კანონპროექტის დაწერაში მონაწილეობა მიიღო ბატონ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალმა გაერთიანებამ. შესაბამისად, ეს კანონპროექტი შემუშავდა და დაიწერა მშრომელი ხალხის მიერ. ეს კანონპროექტი არ დაწერილა კაბინეტებში, არც პარლამენტარების კაბინეტებში არც მთავრობის და ა.შ.“ –აღნიშნა ზაზა ბარბაქაძემ.

ბარბაქაძის განმარტებით, ეს კანონპროექტი დაიწერა მშრომელი საზოგადოების მიერ, რომელსაც „საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი“ ის რუტინული შრომა, რომელიც დღეს საქართველოში დასაქმებულების უმრავლესობაზე მოდის.

„ამ კანონპროექტს, ფაქტობრივად, ვწერდით ჩვენ – მშრომელი ხალხი, დასაქმებულები, ექიმები, ექთნები, სანიტრები, მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები, სატრანსპორტო კომპანიაში [დასაქმებული] მეტროს მემანქანეები და მუშები, რომლებიც ემსახურებიან უსაფრთხო მგზავრობას, მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ადამიანები.“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი დაწერეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომელი ადამიანებიც საქართველოში არიან ამომრჩევლები, რომელი ადამიანებიც არიან დღეს „ბიუჯეტში ფულის შემტანი“ და ბიუჯეტის შემავსებლები.

მისცა „დღეს პარლამენტმა უარი უთხრა იმ მშრომელ საზოგადოებას, ელემენტარულ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის ხმის მიცემაზე, რომელმა საზოგადოებამაც ხმა არჩევნებში ამ დეპუტატებს, სწორედ იმისათვის, რომ დაჰპირდნენ, იზრუნებდნენ საქართველოში დასაქმებაზე, დასაქმების პოლიტიკაზე, დასაქმებულებსა და ა.შ., რაც აღმოჩნდა ტყუილი“, – აღნიშნა ზაზა ბარბაქაძემ.