დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა და მთავრობის დადგენილებაზე ისაუბრა. მთავრობის დადგენილება პირბადის გამოყენების წესს არეგულირებს.
საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ყოფნა ისჯება.
მთავრობის დადგენილებაში დეტალურად გაიწერა იმ სივრცეების ჩამონათვალი, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისა და დაწესებულებების თანამშრომლებისთვის სავალდებულო იქნება, თუმცა, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ზოგიერთი ჯგუფისთვის გამონაკლისია დაშვებული.
პირბადის ტარება იმ სივრცეებშია სავალდებულო, სადაც გავრცელების მაღალი რისკია. ესენია: სავაჭრო ობიექტები, ლიფტები, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი დაწესებულებები.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და სასუნთქი სისტემების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის ბრონქული ასთმის მქონე პირებისთვის. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
„ პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურე პერსონალისთვის, კონკრეტული სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურებისას.“ – განცხადა ნათია მეზვრიშვილმა.