გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს - „მთავარი არხი“

პუბლიკა

„მთავარი არხის ჟურნალისტს და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვაც დაიცავს“, – ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს, სადაც წერია, რომ  იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გაბუნიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს პროკურატურის შეთავაზება და შესაბამისად, ის არის თანახმა, რომ პირად მცველებთან ერთად მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმა იზრუნონ.

როგორც „მთავარი არხი“ წერს, ამასთან დაკავშირებით დეტალები ხვალ შეთანხმდება, როდესაც გიორგი გაბუნიას ადვოკატი პროკურატურაში მივა და საბოლოო დეტალებს შეათანხმებს.


დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. გამოკითხვის შემდეგ მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდა მისი სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეზე. მისი თქმით, მან სამართალდამცველებისგან მიიღო შეთავაზება, დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა.

საქმე ეხება 15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

გაბუნიაც და გვარამიაც სუს-ში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გარშემო დაიბარეს, თუმცა ორივემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებებისადმი უნდობლობის გამო, მიაჩნდათ, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ბევრად ეფექტიანი იქნებოდა, ამიტომ აირჩიეს გამოკითხვის ეს ფორმატი.