არჩევნები გავხადოთ სავალდებულო, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მხარს არ გიჭერთ - კვიციანი უმრავლესობას

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა ემზარ კვიციანმა უმრავლესობას შესთავაზა, არჩევნებში ხმის მიცემა სავალდებულო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კვიციანმა თქვა, ის საარჩევნო სისტემის ცვილებას მხარს არ უჭერს.

„ბატონო ირაკლი, განხილვის დროს არის თუ არა შესაძლებელი, მოხდეს რაღაც ჩამატებები?

მაგალითად, არჩევნები გავხადოთ სავალდებულო. ერთხელ მოვსინჯოთ, ერთი სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მშვიდობიანი არჩევნები კარგია, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს ჯობია. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი.

ვერ ჩატარდება საქართველოში ისე, როგორც არასდროს ჩატარებულა, სამართლიანი არჩევნები, ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. აქ არ არიან ადამიანები, ვინც გულზე არ გეხატებათ არც თქვენ და არც ჩვენ. აი, სწორედ ამათ დაარტყამთ ის სამართლიანი არჩევნები. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად უნდა გატარდეს ეს ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ ცვლილებებაზე ხმას ვერ მოგცემთ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებების განხილვისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ემზარ კვიციანის შეთავაზების საპასუხოდ კი განაცხადა, რომ არჩევნებში ხმის მიცემის დავალდებულება პრაქტიკაში არ მუშაობს არც ერთ იმ ქვეყანაში, სადაც ხმის მიცემა სავალდებულოა. მათ შორის, კობახიძის თქმით, არ მუშაობს არც სანქციები. ასე რომ, უმრავლესობა კვიციანის მოსაზრებას არ იზიარებს.

ემზარ კვიციანის მსგავსად, სხვადასხვა არგუმენტით საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე უარი თქვა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა: ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ნატო ჩხეიძემ და დავით ჭიჭინაძემ.