52-მდე ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს კომიტეტის ახალ წევრად სოფო კილაძის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს.
განცხადებაში წერია, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.
„წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები (52 ორგანიზაცია), მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები კომიტეტის წევრების არჩევის პროცესში და არ დაუშვათ ქალბატონი სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დამატებითი კორესპონდენციისა და კომუნიკაციისთვის.“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, მათი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.
„ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით. ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ.“ – ნათქვამია განცხადებაში.