„ქართული ოცნების“ ლობისტის წერილი აშშ-ის კონგრესმენებს

პუბლიკა

ლობისტური კომპანიის, hogan lovells-ის წარმომადგენელმა, ნორმ კოლმანმა წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს, რომელშიც 13 კონგრესმენის მიერ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტზე საუბრობს.  დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედაა მოხსენიებული და კონგრესმენები მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობენ.

წერილში, რომელიც 16 ივნისით თარიღდება და თან ერთვის „ქართული ოცნების“ განცხადებაც, კოულმანი წერს, რომ „ქართული ოცნება“ გამოხატავს შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ნეგატიური განცხადების გამო. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ „ოცნების“ ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელობით, საქართველო დასავლურ ალიანსსა და აშშ-თან ყველაზე მეტად დაახლოვდა.

ნორმ კოულმანის წერილზე დართული „ქართული ოცნების“ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ „ბიძინა ივანიშვილი არის წარმატებული ქართველის ბიზნესმენი, ფილანტროპი და პოლიტიკოსი, რომლის ერთადერთ მიზანი ძლიერი და აყვავებული საქართველოა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სიმდიდრიდან 1.5 მილიარდი დოლარი შესწირა ქართველ ხალხს, მან ააშენა ყველაფერი თეატრებიდან სპორტულ ცენტრებამდე და აღადგინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მისი მმართველობით, პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო აახლოებს საქართველოს აშშ-თან, NATO-სთან და ევროკავშირთან“.


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.  დოკუმენტი მიმოიხილავს ამერიკის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.

კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა გააფართოვოს სანქცირებული ადამიანების სია, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უშუალო თუ ფარული მოკავშირეების, რომლებიც მას პოსტსაბჭოთა სივრცეში დესტაბილიზაციასა და რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის გატარებაში ეხმარებიან. სწორედ ამ კონტექსტშია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული. კონგრესმენები გასცემენ რეკომენდაციას, შემუშავდეს სპეციალური სია რუსეთსა და ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.


„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

მმართველმა პარტიამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან 2020 წლის 30 იანვარს გააფორმა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 900 ათასი აშშ დოლარია.  ლობისტურ კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება მმართველმა პარტიამ თებერვალში გააფორმა. კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 33 333 დოლარია. კონტრაქტის მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე.