„ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისი დაარბიეს, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი - ენმ

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში უცხო პირებმა ჩაამსხვრიეს მინები, დაამტვრიეს ტექნიკა და ინვენტარი – ამის შესახებ „პუბლიკას“ პარტიაში უთხრეს.

როგორც პარტიაში ამბობენ, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა როცა პარტიის ოფისი დაარბიეს, თუმცა, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ონფორმაცოოთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ოფისის ფოტოებს პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი სალომე სიგუა ავრცელებს.