მიპასუხეთ, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული - ბესელიას შეკითხვა პრემიერს უკანონო ჩანაწერებზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. პრემიერს დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრს დაუსვა შეკითხვა – რატომ არ არის გამოძიებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის საქმე?

„ვფიქრობდი, რომელი საკითხით დამეწყო შეკითხვის დასმა და ღირდა თუ  არა ახლა იმ შეკითხვის დასმა, რომელსაც ახლა გკითხავთ, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ჩემი შინაგანი განწყობაა და არ ვიქნები გულწრფელი სხვა საკითხებზე გესაუბროთ, რადგან ეს ბოლო ანგარიშია თქვენი ამ მოწვევის პარლამენტში და არ მინდა ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს შეკითხვა საჯაროდ არ დავსვა, მაშინ, როდესაც თქვენ ამ შეკითხვაზე პასუხს დამპირდით.

ეს არის თემა, რომელმაც მე ბევრი გადაწყვეტილება შემიცვალა და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მთავრობის ის წევრებიც, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დაკავშირებული ამ საკითხთან.

თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს მოხდა თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს. დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ მითხარით, რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ, რომ ეს საქმე გახსნილია, რადგან ეს საქმე გახსნილი არ არის და მე ამაზე პასუხი არ მიმიღია.

გეკითხებით ახლა – ვინ დაგეგმა ის დანაშაული და რა  მიზანი ჰქონდა ამ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა ათკაციანი სიის გამო, რა იყო ეს – ეს იყო დასჯა, სამაგიეროს გადახდა,  თუ ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენის?

გავიდა წელიწად-ნახევარი, მე არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხს აუცილებლად მივიღებ. არ დავიღლები, სანამ არ გავიგებ კონკრეტულ სახელსა და გვარს. არა კოლექტიურს, არამედ კონკრეტულს.  ეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაიმეს ფასი ჰქონდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.