EMC ხელისუფლებას მოუწოდებს, ახალგაზრდებში ძალადობრივი კულტურისა და კრიმინალური მენტალიტეტის პრევენციისთვის დაიწყოს სისტემური მუშაობა

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს სისტემური მუშაობა განათლებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რომლის მიზანი ძალადობრივი კულტურისა და ახალგაზრდებში კრიმინალური მენტალიტეტის გავრცელების პრევენცია იქნება.

ორგანიზაცია ასახელებს ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ კონფლიქტებს, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეს; 28 ივნისს ჩუმლაყში მომხდარ კონფლიქტს, რომლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი მძიმედ დაიჭრა და 30 ივნისს თბილისში მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რომლის შედეგად პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მსხვერპლს და მისი მკვლელობა სცადა.

„მოკლე პერიოდში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები აჩვენებს, რომ ინდივიდუალური ძალადობრივი ფაქტების მიღმა, ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ის ზოგადი გარემო, რომელშიც მოზარდებს უწევთ თანაცხოვრება და განვითარება. ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ გვახსენებს ხორავას ქუჩის საქმეს, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების სისტემურ ჩავარდნებთან ერთად, ასევე გამოავლინა განათლების სისტემის და სკოლის არაეფექტურობა, მოზარდებში შეემცირებინა კრიმინალური და ძალადობრივი მენტალიტეტი. სამწუხაროდ, ხორავას ქუჩის შემთხვევიდან 30 თვის გასვლის შემდეგაც არ ვიცით, რა ნაბიჯები გადაიდგა განათლების სფეროში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიმართულებით”, – წერს ორგანიზაცია.

EMC-ის განცხადებით, მსგავს პრობლემებზე სახელმწიფოს მუშაობის მთავარი ღერძი სამართალდამცავი სისტემაა, რომელიც მკაცრი ხელისა და მკაცრი კანონის რიტორიკას ეფუძნება და ეს მიდგომა მთლიანად უგულებელყოფს ამ პრობლემის სოციალურ და კულტურულ განზომილებას.

„დღემდე, სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა, როგორ გახადოს სასკოლო სივრცე უფრო ინკლუზიური და სოლიდარული, როგორ უზრუნველყოს მოზარდებისთვის არაფორმალური განათლებისა თუ კულტურული სივრცეების ხელმისაწვდომობა და როგორ აამაღლოს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მათი ნდობა.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, სახელმწიფო მხოლოდ კამპანიურ მეთოდებს იყენებს, სადაც წამყვან როლში ისევ პოლიცია გვევლინება, რომელიც ერთჯერადი სასკოლო გაკვეთილებისა თუ გამწვანების აქციების ფარგლებში ცდილობს მოზარდების ნდობის მოპოვებას”, – წერს EMC.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ხედვით, პრობლემას ამძაფრებს მედიაპროდუქტი, რომელსაც, მათი თქმით, სენსაციურობის და ექსკლუზიურობის ელფერი გასდევს და ამ დროს უგულებელყოფილია კონფლიქტში მონაწილე მოზარდებისა თუ მათი ახლობლების ინტერესები და კეთილდღეობა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ განხილული პრობლემების გათვალისწინებით, ცენტრი შსს-ს, განათლების სამინისტროსა და მთავრობას მოუწოდებს, შექმნას მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, უზურუნველყოფილ იქნას უსაფრთხო, თანასწორობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემა და შეიცვალოს დანაშაულის პრევენციის მექანიზმები.

EMC მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ამ საქმეებზე აწარმოოს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე იმ დათქმით, რომ დამატებითი ზიანი არ მიადგება დაზარალებულების ოჯახის წევრებისა და ამ საქმეებში მონაწილე პირების ინტერესებს;
  • დანაშაულის პრევენციის მექანიზმები და პოლიტიკა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდება არა მკაცრ სასჯელზე, არამედ მოქალაქესა და პოლიციელს შორის ნდობასა და თანამშრომლობაზე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • შეიმუშავოს სასკოლო და საგანმანათლებლო სფეროებში ძალადობის გავრცელების წინააღმდეგ სისტემური ხედვა;
  • უზრუნველყოს მოზარდებისთვის უსაფრთხო, თანასწორობასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეების ხელმისაწვდომობა;

საქართველოს მთავრობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

  • უზრუნველყონ მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებასა და მათი ინტერესების რეალიზებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი სერვისებისა და პროგრამების დანერგვა, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.