ანა სუბელიანზე თავდასხმაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ანა სუბელიანს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა სახის არეში. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შ.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ისინი მკაცრ პოლიტიკას ატარებს დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.