საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-8, 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

საანგარიშო პერიოდი 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა – 2019 წელს გახორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა.

მოსამართლეთა დანიშვნა პირველ და მეორე ინსტანციაში – მოსამართლეები მეტწილად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებიან თანამდებობეზე (კანდიდატებისთვის არ არის გათვალისწინებული გასაჩვრების მექანიზმები, გასაუბრებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს). „კლანის“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს.

სასამართლოს თავმჯდომარეები – ნარჩუნდება სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. „კლანი“, აკონტროლებს რა საბჭოს, ამ მექანიზმს იყენებს თანამდებობაზე მისადმი ლოიალური პირების დასანიშნად და, მათი მეშვეობით, გავლენის შესანარჩუნებლად.

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, თუმცა საია-ს აზრით ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

საიას ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.