შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოძახების შემდეგ ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
„რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცემა პროკურატურას”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გარკვეულ შეკითხვებს უსვამს ბრეგვაძეს და ეს ერთმნიშვნელოვნად გენერალური ინსპექციის გასარკვევია.
„სწორედ ამ დროს, იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთს ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, მაგრამ, ამავდროულად განუმარტავს ოპერატორს, რომ ჩხუბი დასრულებულია, არავინ აღარ არის, ყველა წავიდა და სთხოვს, რომ გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად ამისა, „112-ის“ ოპერატორი, უსაფრთხოების მიზნით, აზუსტებინებს კვლავ ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას, რის შემდგომაც ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება, რა მოხდა. ბრეგვაძე განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას. დაპირისპიერებაში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ, ხოლო იგი „ავტოსტოპის“ საშუალებით ცდილობს თბილისის მიმართულებით წასვლას. ბრეგვაძე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გარკვეულ კითხვებს უსვამს და ეს ცალსახად, გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდგომ პოლიციელები იაკობ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში. აქვე, დავაზუსტებ, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.