„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აქვეყნებს შეფასებას გენდერულ კვოტასა და მის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დამტკიცდა 25%-იანი გენდერული კვოტირების მექანიზმი, რომლის მიხედვით, პროპორციულ პარტიულ სიებში პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იქნებიან, სულ ცოტა, ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს.
ცვლილება ქალთა წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 30 დეპუტატამდე გაზრდის (რაც საერთო რაოდენობის 20%-ია). იგივე წესი იქნება გამოყენებული საპარლამენტო არჩევნებზე 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით და ასევე, რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე. 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან 2032 წლის არჩევნებამდე კი, ცვლილებების მიხედვით, პარტიულ სიებში ყოველი მესამე ადამიანი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
EMC მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ კვოტირების მექანიზმის ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში, ის მოემსახურება ქალთა სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფასა და სტრუქტურული ჩაგვრის აღმოფხვრის ხელშეწყობას, დემოკრატიის დეფიციტის შემცირებისა და განსხვავებულ ხმათა სამართლიანად გაჟღერების გზით.
ორგანიზაცია მიმოიხილავს „გენდერული კვოტირების რევოლუციის“ დაწყებისა და განვითარების ქრონოლოგიას და წერს, რომ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ეკონომიკურ სფეროში გადაწყვეტილების მიღების შესახებ დისკუსიები ახალი არ არის.
„საერთაშირისო ორგანიზაციები, ევროპული ინსტიტუციები თუ ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაციები ათეული წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ სახელმწიფოებს გენდერული თანასწორობის ფორმალური ჩარჩოს მიღმა არსებითი თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფისკენ, რომელიც თანაბარი უფლებების მიღმა საჭიროებდა ქალთა თანასწორ წარმომადგენლობასა და „დასწრებას“ ელექტორალურ თუ სხვა მმართველ ინსტიტუციებში, თუმცა არსებული მონაცემები კვლავ აჩვენებს, რომ ქალთა წარმომადგენლობა ელექტორალურ სისტემაში არსებითად დაბალია, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით ეროვნულ დონეზე პარლამენტართა, მხოლოდ 24.3% არის ქალი, რაც არსებითად მცირე ზრდაა 1995 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც აღნიშნული რიცხვი 11.3%-ს შეადგენდა.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ბარიერების კომპენსირებისა და მათი ჩართულობის ხელშეწყობისთვის წლების განმავლობაში, სავალდებულო გენდერული კვოტები გახდა არსებითი თანასწორობის მიღწევის ეფექტური საშუალება, როგორც ქალთა ისტორიული პოლიტიკური სიჩუმისა და წარმომადგენლობის ნაკლებობის პასუხი სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში. კვოტირება, როგორც ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა ეფექტური გამოსავალი იპოვოს სრულყოფილი მოქალაქეობის გაგებიდან ქალთა ექსკლუზიის აღმოსაფხვრელად,“ – წერს EMC.
ორგანიზაციის ცნობით, „გენდერული კვოტირების რევოლუციამ“ გლობალურ დონეზე მხარდაჭერა 1995 პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში გაეროს ქალთა მე-4 საერთაშორისო ფორუმზე მოიპოვა, სადაც პირველად მოხდა თანასწორი მონაწილეობის პრინციპისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული ბალანსის უზრუნველყოფის აღიარება.
„აღნიშნული აღიარება გულისხმობდა არამხოლოდ გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას, არამედ საკუთარ თავში მოიცავდა თანაბარ მონაწილეობას, როგორც დემოკრატიის მნიშვნელოვან მახასიათებელსა და მოთხოვნას. სპეციალური ზომები და არსებითი თუ დე ფაქტო თანასწორობა წარმოადგენდა არამხოლოდ ლეგიტიმურ, არამედ აუცილებელ საშუალებას, უზრუნველეყო გადაწყვეტილების მიღებაზე ქალთა ხელმისაწვდომობა – როგორც სამართლიანობისა და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპისა“, – წერს EMC.
ორგანიზაცია განიხილავს პეკინის დეკლარაციის მნიშვნელობას:
„პეკინის დეკლარაცია ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობის კონცეფცია დააყრდნო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას (CEDAW), რომლის მე-2 მუხლი სახელმწიფოებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის დაუყოვნებელი ზომებისა და პოლიტიკის მიღებისკენ მოუწოდებს.
უფრო სპეციფიკურად, აღნიშნულ პოლიტიკათა პრაქტიკაში განხორციელებას ეხება კომიტეტის ზოგადი რეკომენდაცია N28, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ვალდებულებას პატივი სცენ, დაიცვან და შეასრულონ დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება, უზრუნველყონ ქალთა განვითარების ხელშეწყობა, მათი პოზიციების გაუმჯობესება და არსებითი თანასწორობის მიღწევა.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ ქალთა პერსპექტივების გაუთვალისწინებლობა კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, პროგრამებსა და პრაქტიკაში და შესაბამისად, მისი ნეიტრალური ხასიათი [არაპირდაპირი] დისკრიმინაციას იწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ ნეიტრალური ზომები ყურადღების მიღმა ტოვებს ქალთა წინარე არსებული უთანასწორო მდგომარეობას. მეტიც, არაპირდაპირი დისკრიმინაცია აძლიერებს უკვე არსებულ უთანასწორობას ქალთა სტრუქტურული და ისტორიული უთანასწორობისა და ქალსა და კაცს შორის ძალაუფლებრივი დისბალანსის აუღიარებლობის გამო“, – წერს EMC.
ორგანიზაცია საუბრობს სახელმწიფოს ვალდებულებებზე, რომ უნდა უზრუნველყოს ქალთა უფლებების სრული რეალიზება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებელი ზომები უნდა მიიღოს, რათა შეაფასოს ქალთა დე იურე და დე ფაქტო სიტუაცია და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ პოლიტიკის შექმნისკენ, რომელიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული ცხადად დასახულ მიზანს დაეფუძნება.
„სახელმწიფოთა ვალდებულებები ქალთა უფლებების სრული რეალიზების კუთხით, გულისხმობს კონკრეტული და ეფექტური პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას, რომელიც ქალთა მდგომარეობისა და პოზიციის გაუმჯობესებას მოემსახურება, მათ შორის, დროებითი სპეციალური ზომების მიღების საშუალებით. აღნიშნული ნიშნავს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებელი ზომები უნდა მიიღოს, რათა შეაფასოს ქალთა დე იურე და დე ფაქტო სიტუაცია და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ პოლიტიკის შექმნისკენ, რომელიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული ცხადად დასახულ მიზანს დაეფუძნება.
თუმცა, დისკრიმინაციის ფორმალური ცნების მიღმა, ქალთა თანასწორი პოლიტიკური მონაწილეობა სამართლიანობის პრინციპის ფუნდამენტური და განუყოფელი ნაწილია, ქალთა პოლიტიკური „სიჩუმე“ კი ამ უსამართლობის ნათელი დემონსტრაცია. „ცხადი და გროტესკული უსამართლობაა ის, რომ რეპრეზენტაცია მონოპოლიზებულია კაცების მიერ, თუ არ არსებობს არანაირი ბარიერი, რომელიც პოლიტიკური ცხოვრებიდან კონკრეტული ჯგუფების ექსკლუზიას ემსახურება, მაშინ პოლიტიკური ძალაუფლება და გავლენა შემთხვევითად იქნებოდა გადანაწილებული სქესთა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც სოციუმის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ […] თუმცა, პოლიტიკური პოზიციების არსებული დამახინჯებული განაწილება განზრახი ან სტრუქტურული დისკრიმინაციის მტკიცებულებაა.“ ამგვარ კონტექსტში, ქალებს ერთმევათ ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც სრულიად ხელმისაწვდომია კაცთათვის.
ფემინისტური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს, კონსესუსი მიღწეულია იმ საკითხზე, რომ რეპრეზენტაციას აქვს მნიშვნელობა, რომ ქალთა დაბალი წარმომადგენლობის პატერნები მოქალაქეობის ხარისხს ამცირებს, შესაბამისად, კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს არა ქალთა უპირატესობის მიღწევის საშუალებას, არამედ პოლიტიკური გარემოს დემოკრატიზაციისა და სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ეფექტურ მექანიზმს. ყველას მონაწილეობა და ჩართვა გადაწყვეტილების მიღებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოითხოვს მექანიზმებს ჯგუფების წარმომადგენლობითობისთვის. ამასთან, იქ, სადაც “ჯგუფებს შორის არსებობს სხვაობა კულტურაში, შესაძლებლობებში, ღირებულებებსა და ქცევაში და ამ ჯგუფებს შორის ზოგიერთი პრივილეგირებულია, თანაბარი მოპყრობის პრინციპის მკაცრად დაცვა ხელს შეუწყობს ჩაგვრისა თუ არაპრივილეგირებული მდგომარეობების შენარჩუნებას. ამიტომ, ყველას ჩართვა და მონაწილეობა სოციალურ და პოლიტიკურ ინსტიტუციებში, მოითხოვს განსაკუთრებული უფლებების არტიკულირებას, რომელიც ერგება ჯგუფთა განსხვავებულობას ჩაგვრისა და არახელსაყრელი პირობების აღმოსაფხვრელად”. “სოციალური ჩაგვრისა და დომინაციის პირობებში ჯგუფის წარმომადგენლობითობა საუკეთესოდ აგვარებს სამართლიანობის ინსტიტუციონალიზაციას”.
კვოტირების მექანიზმს აქვს რესურსი, რომ ის იქცეს არსებითი თანასწორობის მიღწევის საშუალებად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მექანიზმები სტრუქტურული ჩაგვრას დაქვემდებარებული სხვა ჯგუფების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვისაც გამოიყენოს, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, რომელთა ხმები არსებული უთანასწორო გარემოს გამო ხშირად დახშულია. ამასთან, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფომ დაინახოს და გაიაზროს კვოტირების მექანიზმის, როგორც დროებითი სპეციალური ზომის ინსტრუმენტული ხასიათი, რომელიც არის არა თავად მიზანი, არამედ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, და უზრუნველყოს მისი ეფექტური განხორციელება პოლიტიკაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.