პროკურატურა განცხადებას ავრცელებს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.
უწყების განცხადებით, აღნიშნულის გამო, დღეს, 9 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„საქმე იმავე დღეს გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს”, – აცხადებს პროკურატურა.
მათი თქმით, უწყება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს.
ტელეკომპანია „ფორმულასთან” შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ მას საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცა, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.
„არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, – განაცხადა ადვოკატმა ვახო მამულაშვილმა.