პროკურატურის განცხადებით, კაცს, რომელმაც 24 წლის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალდება დაუზუსტდა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.
პროკურატურა აცხადებს, რომ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, უწყება აცხადებს, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
უწყების განცხადებას გთავაზობთ სრულად:
„საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
2020 წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი)“, – წერია განცხადებაში.