პროკურატურა გირაოთი გათავისუფლებული დავით ცინარიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის განმარტებით, ბრალდების მხარე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, თუმცა მას შემდეგ რაც დაზარალებულმა სასამართლოში ცინარიძის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება – გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული და პროკურატურის ინფორმაციით, 30 აპრილიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.”, – აცხადებდა პროკურატურა.
ცინარიძის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.