ქუთაისში 18 ივლისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
საუბარია 18 ივლისს ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე. საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
„ბრალდებულმა 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა”, – აცხადებდა შსს.
შსს-ის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.