„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.
ეს განცხადება ჯაფარიძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. როგორც „გირჩის“ ლიდერი განმარტავს, ამ თემაზე მათ უკვე აქვთ ინდივიდულური კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან.
„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს, და გასაგებია, რომ წარსულს ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა, რომ ისინი ამ ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამოიყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. ამტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექანიზმი, რომელსაც დავიჯერებ მე, დაიჯერებს ყველა, დაიჯერებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც აქ არიან, რომ თოფიანი ხალხი მათ ხელში არ იქნება. სხვა რაღაცები პრობლემა არ არის, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სისტემაც, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ძალოვანი უწყებები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე განმარტებით, სახელისუფლო გუნდი სწორედ იმით აშინებს ამომრჩეველს, რომ ძალოვანი უწყებები შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში აღმოჩნდეს, ამიტომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს ბერკეტიც უდნა წაართვას.
დეპუტატი ეკა ბესელია საინტერესო იდეას უწოდებს ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას.
„ჩვენ ყველას გვინდა, რომ თანაბარ საარჩევნო პირობებში აღმოჩნდეს ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომ ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა მას. ამ ნაწილშიც, მეც პირადად ვარ იმ პოზიციაზე, რაზეც ვიყავი – ნამდვილად არ შევუწყობ ხელს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს. საჭიროა ცვლილებები სწორედ იმიტომ, რომ რაღაც ახალი შეიქმნას ამ ქვეყანაში“,- აცხადებს ეკა ბესელია.