შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლია გიგაურის განცხადებით, საკარანტინო პერიოდი, რომლის გამოც წითელი ჯვარი ზაზა გახელაძის მონახულებას ვერ ახერხებდა, უკვე დასრულებულია და ორგანიზაციას აქვს მოლოდინი, რომ გახელაძეს დღეს მოინახულებენ.
„ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მოგეხსენებათ 30-ში ჩანიშნულია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა.
მე მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება, მოინახულონ ზაზა გახელაძე.
რაც შეეხება მის მდგომარეობას, ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე პირობები, რომელშიც იმყოფება არის ასევე დამაკმაყოფილებელი.
ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, სულ იყო 6 ადამიანი, ბოლო პერიოდში. 3 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან უკვე გათავისუფლებულია, დარჩენილია 3 სწორედ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის გახლავთ ზაზა გახელაძე. ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მიმართულია იქეთ, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.
„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.