გახარიას ვესაუბრე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - პომპეო

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარისას, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

„დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – წერს მაიკ პომპეო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

„სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.