ლერი სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ავტომობილიდან ესროლა მეორე ავტომობილს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ლერი სულაბერიძე მართავდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი სულაბერიძე აცხადებს, რომ არ იცნობს იმ პირს, ვინც მის ავტომობილს ესროლა.

„არაფერს მეუბნება ეს სახელი და გვარი, ნამდვილად არ ვიცნობ ვინ არის. ვერ გეტყვით რატომ ისროლა. არც დამამახსოვრდა სახელი და გვარი. ვერ გეტყვით რატომ მესროლა. წყნეთის გზაზე, როცა სახლში მივდიოდი, მაშინ მოხდა შემთხვევა. ნამდვილად არ დამინახავს, ვინ ისროდა. მე არ მინახავს ეს პიროვნება, ამოცნობის პროცესი არ ყოფილა. არც ის ვიცი რა მარკის მანქანა იყო, მუქი ფერის იყო“, – განაცხადა სულაბერიძემ ჟურნალისტებთან.

ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე წუხელ ესროლეს.