„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“(TI) მიერ წარმოდგენილი პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში – 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე – სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია:
- ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- მახირ დარზიევი (უმრავლესობა);
- მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”);
- თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა);
- იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა);
- ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი);
- რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი);
- რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა);
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა);
- ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა);
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა);
- ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).
კვლევის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ჩართულობის კუთხით გამოიკვეთა: პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი (ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი) რატი იონათამიშვილი; პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობიდან – ანრი ოხანაშვილი; პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) – ეკა ბესელია; ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი- სერგი კაპანაძე; ყველაზე აქტიური კომიტეტი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე ხშირად გააცდინეს: დიმიტრი სამხარაძემ (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევმა (უმრავლესობა); ივლიანე წულაიამ (უმრავლესობა).
გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები:
გაზრდილია კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების მაჩვენებელი, 2019 წელს 388 კანონპროექტზე განხილვის ვადა 252-ჯერ გაგრძელდა; კომიტეტების საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დაგვიანებით განხორციელდა, კერძოდ, 2019 წელს 15-დან 7-მა კომიტეტმა, თვეების დაგვიანებით წარუდგინა პარლამენტს წინა წლის საქმიანობის ანგარიში.
გენდერული თანასწორობის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები გენდერულ ჭრილში არ განუხილავს, საბჭოს დღემდე არ ჰყავს თავმჯდომარე.
პარლამენტს კანონპროექტის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია არ მიუღია, რაც, ორგანიზაციის ცნობით, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს; ასევე TI-ის ცნობით, არ არის შექმნილი საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ. მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ დეპუტატების შეკითხვებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ინტერპელაციის შეზღუდული პერიოდულობა შეიცავს რისკებს, რომ დასმულმა საკითხმა ინტერპელაციამდე აქტუალობა დაკარგოს და ასევე შეკითხვების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მცირდება პროცედურისთვის გამოყოფილი დრო, შედეგად, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა შესაძლოა საფუძვლიანად ვერ მოხერხდეს.
TI აღნიშნავს, რომ 2019 წელს დარეგისტრირდა საგამოძიებო კომისიის შექმნის 4 მოთხოვნა, თუმცა არ შექმნილა არცერთი კომისია; პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.
„პრობლემას წარმოადგენს, პარლამენტის შენობაში შესვლისა და სხდომებზე დასწრების საკითხი. მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებსაც კი, არაერთხელ ეთქვათ დაუსაბუთებელი უარი პარლამენტის შენობაში შესვლაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაზე დასწრების უფლება არ მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს“, – ვკითხულობთ კვლევაში.
პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.
საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასება ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო ოფისი თანამშრომლების მიერ მოკვლეული ინფორმაციის ანალიზსა და დაკვირვებებს, ასევე პარლამენტის მიერ ორგანიზაციისთვის მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს.
ანგარიში წარმოდგენილია CRRC-ის მიერ, „გამჭვირვალობის“ დაკვეთით, 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები.