კიევში, ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა და ბომბის აფეთქებით იმუქრება

პუბლიკა

კიევში, „უნივერსალბანკის“ შენობაში კაცი ბომბის აფეთქებით იმუქრება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ მათ ბანკის წარმომადგენლები დღეს კიევის დროით 12:00 საათისთვის დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბანკში თავდამსხმელი იყო. 35 წლამდე კაცმა შენობაში შესვლის შემდეგ განაცხადა, რომ ზურგჩანთაში ბომბი აქვს და მისი აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ბანკის თანამშრომლების ნაწილმა შენობა დატოვა, თუმცა ხელმძღვანელობა ბანკში თავისი ნებით დარჩა. ამ დროისთვის თავდამსხმელსა და პოლიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „პრავდას“ ინფორმაციით, კაცი, რომელიც ბომბის აფეთქებით იმუქრება, მედიის წარმომადგენლებთან საუბარს მოითხოვს.

გერაშენკოს ინფორმაციით, თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ მას ჩანთაში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს და დეტონატორი ფეხზე აქვს მიმაგრებული, რათა მისი მოკვლის შემთხვევაში ბომბი აფეთქდეს. პოლიციას ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ, ნამდვილად აქვს თუ არა მას ასაფეთქებელი ნივთიერება, არ გააჩნია.