2012 წელს ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და კახელს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა - კალაძე

პუბლიკა

„ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ ყველა წყობიდან გამოიყვანა, როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და კახელს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა, მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კახეთში მაჟორიტარული დეპუტატების წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა, გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად ვაზის გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი, სახელმწიფომ სოფლის მეურნებისა და მრეწველობის მხარდამჭერი პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამ უკეთესობისკენ“,- განაცხადა კალაძემ.

დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთიდან დაიწყო.