ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია - ქარტია

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას კავშირმა „საფარმა“, გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა მიმართეს. მხარეები დავობდნენ „მთავარ არხზე“ 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემა „სხვა ნანუკას“, რომელიც 5 მარტს, ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ცოლის დაჭრას ეხებოდა.
განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა (დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის დედამ) ისაუბრა მსხვერპლის ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევებზე. შეინიშნებოდა სტერეოტიპების წამახალისებელი ტენდენცია და ხდებოდა არა მხოლოდ ქალის, არამედ ბავშვის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაც.

„…ფემიციდის გაშუქებას არანაირი მეორე მხარე არ აქვს, რომელიც შეიძლება ჟურნალისტმა იკვლიოს. მეორე მხარის, ანუ ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ჩამდენი პირის პოზიციის კვლევა, ავტომატურად ნიშნავს დანაშაულის გამამართლებელი პოზიციის ძიებას და დისკრიმინაციის წახალისებას.

…გადაცემაში ორი მხარე არც ყოფილა წარმოჩენილი. ეთერი სრულად დაეთმო ბრალდებულის დედას, რომელსაც მიეცა საშუალება, გაეკეთებინა ცილისმწამებლური და დამამცირებელი განცხადებები მსხვერპლის პირადი ცხოვრების შესახებ, მსხვერპლის მხარე კი წარმოდგენილი საერთოდ არ ყოფილა გადაცემაში.

გადაცემაში არაერთხელ გაჟღერდა მოძალადის მხარდამჭერი და დანაშულის გამამართლებელი განცხადებები, არსებული სურათის ცალმხრივად წარმოჩენისა და ქალზე ძალადობასა და ფემიციდთან დაკავშირებული სტერეოტიპული განწყობების წახალისების ტენდენცია, რითიც დაირღვა ჟურნალისტური ქარტიის მეშვიდე პრინციპი დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეზე“, – ვკითხულობთ „საფარის“ საჩივარში.

ქარტიის განცხადებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.