ღია საზოგადოების ფონდმა კოვიდ-19 გავლენის შემსუბუქებისთვის საქართველოში 900 ათას აშშ დოლარამდე დახარჯა. ინფორმაციას საქართველოში ღია საზოგადოების ფონდი ავრცელებს.
კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მოქალაქეთა შრომის უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისები მოქალაქეებისთვის, მოსწავლეების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების პროცესში.
“გადამზადდა 822 ექიმი 60 საავადმყოფოდან და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები შრომის უფლებადარღვეული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და დისტანციური კონსულტაციის სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ.
ამ პერიოდში ღია საზოგადოების ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ფონდის სტრატეგიით გათვალისწინებულ ბიუჯეტზე დამატებას წარმოადგენს და საგანგებოდ კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის არის გამიზნული. ფონდის სტრატეგიისა და მიდგომის გათვალისწინებით მთავარი აქცენტი ყველაზე დაუცველ მოქალაქეებსა და ყურადღების მიღმა დარჩენილ ინსტიტუციებზე გაკეთდა.” – ნათქვამია ფონდის გავრცელებულ რელიზში.