ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობის ნორმალიზების ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

პუბლიკა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

„უზარმაზარი მიღწევაა! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდებულ მეგობარს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე.

Aljazeera-ს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელი შეაჩერებს  სუვერენიტეტის გაფართოებას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ანექსიად აფასებდა.

შეთანხმება დონალდ ტრამპის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აბუ დაბის პრინც მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიენის სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა. 

„ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა მშვიდობას დაამყარებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში“ – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.