მაგისტრალზე „ჰამაკების ბაზრობისთვის“ მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები – საგზაო დეპარტამენტი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი გვერდს აუვლის „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მათთვის მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (E60), აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლის ხაშურის  „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში. იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.