თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა, კურიოზული შემთხვევაა - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა.

ცერცვაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრელებულ ინფორმაციაში, ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროებიდან არ ყოფილა შეფერხება, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდები საჭიროებისამებრ განეკარგა, ცერცვაძის თქმით, არც ერთი სამინისტროსგან არ მიუღიათ უფლება დივიდენდის გამოყენებაზე.

„ესეც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს. სამუშაოების ჩატარება შეიძლებოდა ორი გზით. ერთი – ჯანდაცვის სამინისტროს აქვს „რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა“ და ყოველწლიურად რაღაც გარკვეული თანხაა გამოყოფილი. მიგვაჩნია, თუ ამ პროგრამით სადმე უნდა განხორციელებულიყო რაიმე სარემონტო სამუშაოები, ეს უნდა მომხდარიყო ჩვენთან. ამაზე მინისტრს ჰქონდა პასუხი, რომ ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და აღნიშნული პროგრამით ვერ გააკეთებს. ერთი წელია, სამინისტროს ამას ვთხოვთ და მას თავისუფლად შეეძლო, ბიუჯეტის ფორმირებისას საჭიროება გაეთვალისწინებინა.

მინისტრმა გვიპასუხა, რომ ის იფიქრებდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე და შემოგვთავაზა გზა, გამოგვეყენებინა ჩვენი დივიდენდი, მაგრამ ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი.

აი, აქ არის ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ის ამბობს, რომ ყველა სამინისტროს მხრიდან არსებობდა მზაობა დივიდენდის გამოყენებაზე, რაში გამოიხატება მზაობა? ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე ვწერდით წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს და არ მიგვიღია არანაირი პასუხი, რომ შედგა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს შორის და დაგვრთეს ნება დივიდენდის გამოყენებაზე. ეს უნდა მოხდეს წერილობით, ოფიციალური გადაწყვეტილებით. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიგვეღო, რემონტს გავაკეთებდით. ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მიმართა, მიმართა, თუ მათ უპასუხეს უარით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გაგვერკვია მეტი ინფორმაცია ინფექციურ საავადმყოფოს მიერ საკუთარი დივიდენდების საჭიროებისამებრ განკარგვასთან დაკავშირებით. სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განმარტება შესაძლოა ხვალ გააკეთონ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. ცერცვაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზიეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.