„ფრენა რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც, ძირითადად, მოსკოვზეა დამოკიდებული. ცხადია, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს. ინფორმაციას ზურა აბაშიძის გამოხმაურების შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.
„საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე, როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, არც პოლიტიკურ, არც უსაფრთხოებისა და არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.
„გრძელდება მილიტარიზაციის, ბორდერიზაციის, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლების პროცესი, ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობისა და ორმხრივი კავშირის სრულფასოვანი აღდგენა, მან უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება და რეალური პროგრესი გვიჩვენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სურს, ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ამის შესახებ ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში თქვა.
რუსეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 946 976 დადასტურებული შემთხვევაა აღირიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 761 330. გარდაიცვალა 16 189. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 4 870 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 90 ადამიანი.