გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა შინაგან საქმეთა სამინისტროში მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო იყო დაბარებული. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
თამაზ ხომასურიძემ უწყება უკვე დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში მის მიერ გუშინ ნახსენები „თეთრი ისარით“ დაინტერესდნენ, თუმცა შეკითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მხოლოდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გასცემს მათ პასუხებს.
თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ დაჯგუფება „თეთრმა ისარმა“ გური ამირხანაშვილსა და მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით მიაწოდა მას ინფორმაცია, რომ „განაჩენი გამოტანილია“. გუშინ „ტელეკომპანია პირველის ეთერში“ განაცხადა, რომ დროა, ამ ორ პირს სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნოს.
„არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, რადგან იციან, რომ ვაგროვებ მტკიცებულებებს. ან ლიკვიდაცია უნდა გამიკეთონ, ან დამიჭირონ, სხვა მხრივ, ვერ გამაჩუმებენ! ჩემი სამომავლო ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩემი ხარჯებით ხალხს შევკრებ და ჩემს შვილს სიცრუის დეტექტორზე გავატარებ“, – განაცხადა ხომასურიძემ.
დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. უწყებაში „პუბლიკას“ ეს ფაქტიც დაუდასტურეს, თუმცა რა გახდა ჩხრეკის საფუძველი და რა წაიღეს სამართალდამცველებმა ხომასურიძის სახლიდან, პრესსამსახურმა ამის შესახებ არაფერი გვითხრა.
თავად თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მისი სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და საბუთები.
„არ გამაფრთხილეს ჩაატარეს ისე ჩხრეკა. ჩხრეკას არ ესწრებოდა ჩემი ადვოკატი“, – განაცხადა ხომასურიძემ.