აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა - ექიმი

პუბლიკა

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. ერთი მათგანი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და აქვს ტრავმული შოკი.

„33 წლის მამაკაცია, შემოყვანისთანავე დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი. შემოსვლისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, დამწვრობა სახის, გულ-მკერდის არეში. ჭრილობები მხრის, გულ-მკერდისა და კისრის არეში. დაწყებულია კვლევა და კვლევის შემდგომ გადაწყდება პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა“, – აცხადებს ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი.


ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, პირველადი ინფორმაციით, სამამდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.