თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე საუბარი არ იქნება - გამყრელიძე

პუბლიკა

თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, შესაძლოა გამოყენებული იყოს მიკროღონისძიებები, ისეთი, როგორიც გამოყენებული იყო მესტიაში, ყარაჯალაში ან ბოლნისში, შესაძლებელია საჭირო გახდეს, მაგრამ არა იმ მასშტაბით რომ ბათუმისა და აჭარის ჩაკეტვაზე იყოს საუბარი.

„ეს არის გლობალური პოლიტიკა , რომ ჩვენი მთავარი სლოგანია – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში, დაახლოებით 1 წელი, წელიწანახევარი მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად, დიაბეტთან ერთად, სხვა დაავადებებთან ერთად, ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? უნდა გავითავისოთ, რომ ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა ჯერჯერობით, ვიდრე არ იქნება პირდაპირი მოქმედების ეტიოტროპული წამალი ან ვაქცინა. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.