დღეს ვაკეთებთ 6 000-დან 7 000-მდე ტესტს - გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ მკაცრდება ზომები

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, რატომ არ მკაცრდება ზომები და იზრდება შეზღუდვები.

გამყრელიძის თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ გაუმჯობესდა მასთან ბრძოლის მეთოდებიც, მათ შორის გაიზარდა ტესტირებების რიცხვი.

„მაშინ გახლდათ პანდემიის ახალი დასაწყისი და ინფექციის შეკავების ძირითადი მეთოდები გახლდათ ამ ტიპის – ე.წ. მკაცრი, შემზღუდავი ღონისძიებები.

ახლა, ამ 7 თვის განმავლობაში, რაც ჩვენთან ეპიდემიაა, ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ – სერიოზულად გავაფართოვეთ კონტაქტების კვლევა, გავაფართოვეთ PCR ტესტირება.

თუ მარტში დღეში ვაკეთებდით დაახლოებით 100-150 PCR ტესტს, დღეს ვაკეთებთ 6 000-დან 7 000-მდე კვლევას. ამას ემატება კიდევ 1 500-მდე სწრაფი ტესტით ყოველდღიური კვლევა. ანუ ვცდილობთ, არც ერთი ინფიცირებული არ გაგვეპაროს, მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

გამყრელიძის თქმით, ამასთანავე გლობალურად შესუსტდა ვირუსის „აგრესიულობა“ და ექიმებმაც უკეთესად ისწავლეს ვირუსული ინფექციის მართვა.

„ვირუსის აგრესიულობა უფრო შესუსტდა. თუ გაზაფხულზე ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალურად იყო 7%, დღეს არის 3.3%. გარდა ამისა, თვითონ ექიმებმა, ჩვენ, სამედიცინო პერსონალმა უკეთ ვისწავლეთ დაავადების მართვა.

მაგალითად, თუ გაზაფხულით შემთხვევების უფრო მეტი პროცენტი იყო მძიმე ან კრიტიკული, დღეს უფრო მეტი გვაქვს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის. დღევანდელი მონაცემით, 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანია საავადმყოფოებში და 3-ია მხოლოდ კრიტიკული“, – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძეს წამყვანმა ასევე ჰკითხა, ახალი შემთხვევების მატება ხომ არ უკავშირდება ტესტირებების ზრდას და მის გამო უკეთეს გამოვლენას, რაზეც გამყრელიძე პასუხობს, რომ ტესტირებების ზრდა ახალი შემთხვევების მატებასთან კავშირში არაა.