„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ცენტრი გაეცნო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს, რომელშიც, მათი შეფასებით, ბევრი კითხვა ჩნდება. საქმის გაცნობის შემდეგ, ცქიტიშვილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ამ საქმეზე მუხლი შეიცვალოს და მკვლელობის ვერსიაზე იმუშაონ. მით უმეტეს, მას შემდეგ რაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა სატელიტური ფოტოები წარმოადგინა.
„ინფორმაცია, რაც ბატონმა მიხეილმა გააცნო საზოგადოებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ამ საქმის შემობრუნება. სწორედ ამ მტკიცებუელბებიდან გამომდინარე, სატელიტიდან მოპოვებული ფოტოებით მტკიცდება, რომ იმ დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იდგა, სადაც შემდეგში თითქოსდა აღმოაჩინეს.
ეს არის უკვე ცალსახა მტკიცებულება იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა და საქმე გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლზე. გამოძიება უნდა იძიებდეს არა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, არამედ მკვლელობის მუხლით“, – თქვა ალეკო ცქიტიშვილმა.
ალეკო ცქიტიშვილს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები იყოს დამონტაჟებული. ცქიტიშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ცენტრი სრულიად ენდობა მიხეილ რამიშვილს, თუმცა პროკურატურისადმი უნდობლობის გამო მათ არ დაუსახელებენ წყაროს, ვისგანაც რამიშვილმა ფოტოები მიიღო.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ თვითონ მოიპოვოს პროკურატურამ ეს ფოტოები. რისი მოთხოვნაც აქამდე ჰქონდა ბატონ მიხიელს. მას არაერთხელ გაუჟღერებია, რომ პროკურატურამ უნდა მოიპოვოს სატელიტიდან იმ დღეებში გადაღებული ფოტოები, ჩადოს საქმეში და დაიცვას დაზარალებულის ინტერესები“, – თქვა ალეკო ცქიტიშვილმა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ეკა ქობესაშვილის თქმით კი, მათ კადრები ევროკავშირის ერთ-ერთი კორპორაციული პროგრამის მეშვეობით მიიღეს.
„იყო გარკვეული სასწავლო პროგრამა და ამ კორპორაციული პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელიტიდან ამ ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვეს ფოტოსურათები და გადმოგვცეს. ასევე პასუხისმგებლობა აიღეს იმაზე, რომ ნამდვილად ის ადგილია და ის თარიღები, რომლებზეც ბატონი მიხეილი საუბრობს“, – თქვა ქობესაშვილმა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ბაჩალიაშვილის საქმეში გუშინ ჩაერთო. გუშინვე მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.
მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში აჩვენა კადრები, რომლებიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და ჩანს ის ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა უნდა იყოს, თუმცა 19 და 20 ივლისს გადაღებულ ფოტოებზე ავტომობილი არ ჩანს.
დღეს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილს შესთავაზეს, მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, „რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით გადამოწმება და გამოთხოვა“.
პროკურატურა აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან.