ადვოკატის მიერ გავრცელებული ფოტოების ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა  და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შესთავაზეს, მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, „რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით  გადამოწმება და გამოთხოვა“.

პროკურატურა აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან.

„მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ 2  ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების   ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი,   ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებს უწყება.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე  მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს,  ასევე  კომპანიებს:  Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.

„ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ  გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის  სატელიტით გადაღებული ფოტოები.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული  ფოტომასალის მოწოდებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.


მიხეილ რამიშვილმა 8 სექტემბერს გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.